ახალშობილის მიმართ გახორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის სასამართლომ ძიძა დამნაშავედ ცნო. ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება. საქმე ეხება, 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ძიძამ მცირეწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით ელენე ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved