სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს.
აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.