ფასანაურთან შემოვლითი გზის და გვირაბის გაყვანა იგეგმება. აღნიშნულ პროექტს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, საშინელი ტრაგედია დატრიალდება, რადგან ფერდობები ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება.
“იქ რომ გვირაბი გაკეთდეს საშინელება მოხდება. ჯერ მარტო ჩვენ უბანზე სამი ხევია, ეს ხეები ისე დაბლაა, რომ იქ გვირაბი ვერ გავა. იქ სულ დაიძრება ფერდობები, 50-60 გრადუსია დაქანება…1933 წელს იყო შემთხვევა, ერთი ხევი ისე გამოვიდა, რომ არაგვი დააგუბა და წალეკა ყველაფერი რაც წინ დახვდა. ეს რომ მოწყდეს, ნახევარ ფასანაურს გაიტანს, რა უნდა აქ გვირაბს, როგორ შეიძლება გვირაბის გაკეთება”, – თქვა “მთავარი არხის” ინფორმაციით, მეტყევე-ინჟინერმა ვალერიან ანდრიაძემ.
ცნობისთვის, დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის – ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვა, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობას უკავშირდება, 17 აგვისტოს გაიმართა.
როგორც გეოლოგები ამბობენ, პროექტის მიზანია, რომ დატვირთული საავტომობილო გზა მაქსიმალურად დააშორონ დასახლებულ პუნქტს და ამით ფასანაურის, როგორც კურორტის ფუნქცია უფრო გაძლიერდეს.
ფასანაურის შემოვლითი გზის საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები 17 აგვისტოსვე გადააგზავნა ფასანაურის მოსახლეობამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შენიშვნებს ფასანაურის 300-მდე მოსახლე აწერს ხელს.