საშინელებაა ომი, სიცოცხლეში ნანახი ჯოჯოხეთია!
ბოლო 14 თვეში ჩემი ხელით მაქვს ქართული დროშა გადაფარებული 34 გმირის გაციებულ სხეულზე.
მანამდე იწყება ზარები და მესიჯები ბიჭების ოჯახებიდან. რეკავენ დედები, მეუღლეები, მამები, ძმები, დები… ჯერ ტირილი ისმის, შემდეგ აკანკალებული ხმით გეკითხებიან, იქნებ ტყუილი იყოს გარდაცვალების ამბავი, იქნებ შეცდომით დაურეკეს მძიმე ამბით… მეც რომ ტირილს ვიწყებ ხვდებიან რომ ბოლო, სულ პატარა იმედიც მოკვდა და ტელეფონი ითიშება.
შემდეგი ზარი კიდევ უფრო მძიმეა, წამში ჭირისუფლად ქცეული ადამიანები გთხოვენ უკვე მიცვალებულს მიაქციო ყურადღება. მამაომ წესი აუგოს, საპატიო ყარაულით გამოაცილონ, დროულად გადმოასვენონ, პირადი ნივთები არ დაიკარგოს…
სულ ვებრძვი საკუთარ თავს რომ ეს ყველაფერი რუტინად არ მექცეს, არ შევეჩვიო ამ უბედურებას, მაგრამ ვერ გამომდის!
შევეჩვიე.
გუშინ ორჯერ დარეკა ტელეფონმა და ორივეჯერ ჩვენი ლომგულა ბიჭების სიკვდილი გვითხრეს.
ერთი ჩემი მეგობარი იყო, ერთ ოთახში რომ გვიძინია, ერთი თეფშიდან რომ გვიჭამია, სასმელი წყალი რომ გვიზიდია მეზობელი უბნიდან ისეთი.
არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავძლებ ასე, მაგრამ ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების სახელს ვფიცავ, სანამ ცოცხალი ვიქნები, რუსეთის მტერი ვიქნები!
მახო კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის მართალ ბრძოლას და გმირულ სიკვდილს გულიდან არასდროს წავშლი!
ზეგ ერთდროულად ორ ვაჟკაცს გამოვასვენებთ კიევიდან!
დიდება გმირებს!
სიკვდილო მტერს!
ქართული დროშები მითავდება, უნდა გამომიგზავნოთ, წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.