ცნობილი ქართველი მსახიობი, ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე ერთ „თეატრალურ“ კურიოზს ხშირად იხსენებს:
„სცენაზე ვიყავით მე და გოგა პიპინაშვილი. ვთამაშობდით სასიყვარულო სცენას სპექტაკლიდან „დრაკონი“.
სწორედ იმ დროს, როდესაც გოგა მუხლებზე დაემხო, მოულოდნელად ჩაქრა შუქი. გადავწყვიტეთ, არ გავსულიყავით სცენიდან და ასე გაშეშებულები, გაყინულები ველოდებით სინათლის მოსვლას.
მოულოდნელად დარბაზიდან მოგვესმის ქალის ხმა, რომელიც სცენასთან ახლოს მოვიდა და გოგას დაუძახა. ჩვენ დავიბენით, ვერაფერს მივხვდით, რა ხდებოდა.
ბოლოს, თავი რომ არ დაგვანება, გოგა სიბნელეში ახლოს მიცოცდა მასთან და ხედავს ქალს, რომელიც თავის პალტოს აწვდის და თან ეუბნება: „შვილო, ცოდოები ხართ, მოიხურეთ ჩემი პალტო, თორემ ნამდვილად გაცივდებითო“.
ავტორი