საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. უწყების თქმით, პენიტენციური დაწესებულება არც ერთ მსჯავრდებულზე არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას და დასკვნას არ გასცემს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რაიმე სახის ინფორმაცია უწყებას შეწყალების კომისიისთვის “არ დაუმალავს”.
“გვსურს, დამატებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ე. წ. „უდოს“ კომისიას და შეწყალების კომისიას პენიტენციური დაწესებულებიდან ეგზავნება იდენტური დახასიათებები და რაიმე ინფორმაცია სამინისტროს არ „დაუმალავს“ შეწყალების კომისიისათვის. საზოგადოებისათვის ნათელი რომ იყოს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულება არც ერთ მსჯავრდებულზე არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას და დასკვნას არ გასცემს. დახასიათება შეიცავდა ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებულ ინფოამციას მსჯავრდებულის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევის შესახებ, ამასთან, ინფორმაციას, რომელიც მან მიაწოდა ფსიქოლოგს ინტერვიუირების საფუძველზე.
ასევე გვსურს, დამატებით დავადასტუროთ, რომ საბჭომ უარი უთხრა მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, ასევე 3-ჯერ – უარი უთხრა დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით (თავისუფლების შეზღუდვით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით) შეცვლაზე. მათ შორის ერთ-ერთი უარი გადაწყვეტილება საბჭომ სწორედ შეწყალებამდე ერთი თვით ადრე მიიღო. შესაბამისად, საბჭომ სულ 9-ჯერ განიხილა მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმე და ყოველ ჯერზე უარი განაცხადა მის გათავისუფლებაზე.
გვსურს, საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურასთან დაკავშირებით. საბჭო არანაირ ე. წ. „საიდუმლო“ ინფორმაციას არ ეყრდნობა, გარდა დახასიათებისა. საბჭო დეტალურად სწავლობს დამატებით მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ატარებს უშუალო შეხვედრას პატიმართან დამატებითი ინფორმაციის მირების მიზნით და ამ ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე, კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს კრიტერიუმებია: დანაშაულის ხასიათი, წარსულში ნასამართლეობის ფაქტები, ოჯახური მდგომარეობა, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან და, რა თქმა უნდა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი. სწორედ ამ კრიტერიუმებზე და იმ დახასიათებაზე დაყრდნობით, რაც შეწყალების კომისიამ შეისწავლა, საბჭომ არ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და არ გაათავისუფლა პირობით ვადამდე მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს მამინაცვალმა ყელი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრა. დანაშაულიდან რამდენიმე დღეში მკვლელი ვეფხია ბაქრაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინლებობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 25 წლის გოგოს მკვლელს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებს.