ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული ავთო კალანდაძის ახლობელი “გურია ნიუსთან”ადასტურებს, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა და მოკლულისა და მკვლელის ოჯახებს ფინანსური დავა ჰქონდათ.
“იმ გარეწარმა სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა ბიჭს და გაიქცა. გასროლის ხმა ახლომახლო ყველამ გაიგო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. სულთმობრძავი ბიჭი ბიძაშვილმა იპოვა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ მოსვლა დააგვიანდათ. მერე მამქოლის კლინიკაში გავიქეცით, ექიმის წავიყვანთო-ვიფიქრეთ. იქ გავიგეთ, რომ სასწრაფო უკვე მისულიყო, თუმცა, ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა. მკვლელმა ავთოს დეიდას დაურეკა და უთხრა “გავაგორე თქვენი ავთოო”. ოჯახებს შორის კი იყო ფინანსური დავა, მაგრამ ეს უპატიოსნესი ბიჭი რა შუაში იყო. მკვლელი ბაღდათის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის ბანკომატიდან 2000 ლარის მოხსნას და გაქცევას ცდილობდა”, _ გვითხრა მოკლული ბიჭის ახლობელმა.
რომლის ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ჩოხატაურის პოლიციამ მოითხოვა მკვლელის გადმოყვანა.
“მკვლელობის საღამოს ის მკვლელობის ადგილზეც მოიყვანეს”, _ გვითხრა მან.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში, საკუთარ ეზოში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს.
ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.