სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 55 სტუდენტი გაირიცხა, 365 –ს კი სტატუსი შეუჩერდა. ინფრომაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა, უნივერსიტეტმა სტუდენტებს სასამართლოში უჩივლოს.
სტუდენტები აცხდებენ, რომ დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, რასაც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სიცრუეს უწოდებენ.
რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის განმარტებით, სტუდენტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საფასურს დაფარავს, სწავლის გაგრძელებას ისევ შეძლებს. ის სტუდენტი კი რომელიც დავალიანებას ხუთ წელიწადში ვერ გადაიხდის სასწავლებლიდან ავტომატურად გარიცხავენ.
მისივე თქმით, სწავლის საფასურის გადაუხდელობიდან სამი–ოთხი წლის შემდეგ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გამაფრთხილებელი წერილები ეგზავნებათ იმის შესახებ, რომ თუ თანხას ვერ დაფარავენ, შესაძლოა, საქმე სასამართლომდე მივიდეს.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დავალიანების გამო სწავლა უფასო ფაკულტეტებზე გააგრძელეს, თანხის დაფარვა მაინც მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომების აღებას ვერ შეძლებენ.
ამჟამად სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 557 სტუდენტი სწავლობს.