დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი და შალვა შავგულიძე დასახელდნენ.
შალვა თადუმაძე მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი იყო და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე იკავებს.
“ქართული ოცნების” წევრები მას სამართლიან და პრინციპულ ადამიანად მოიხსენიებენ და არ მალავენ, რომ კენჭისყრისას თადუმაძის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს, აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის კადრი გადაიბარებს .
აღნიშნულს “გურია ნიუსთან” ადასტურებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო რეფორმაციის” დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი. მისი თქმით, კანდიდატებიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ თადუმაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებს. ბარნოვის თქმით, მთავარი პროკურორობის არც ერთი კანდიდატი საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს, რაც, მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან დაპირების შეუსრულებლობაა.
“როდესაც თავიდან დაიწყო ლაპარაკი კანდიდატურებზე, მაშინ ითქვა, რომ მთავარი პროკურორი ხალხის რჩეული უნდა იყოს. თუმცა, ვერ ვხედავ, რომ ვინმეს ეკითხებოდნენ, ვინ უნდა დასახელდეს და ვინ უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე. შედეგი იქნება ამ ტყუილის პროპორციული _ თუ ისეთი პროკურორი დაინიშნება, რომელიც მხოლოდ დავალებებს შეასრულებს, საზოგადოება დარჩება უკმაყოფილო. მარტივი ლოგიკის მიხედვით, შანსი შალვა თადუმაძეს აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ თადუმაძე პოზიციონირებს პირდაპირ მთავრობასთან და პლუს ივანიშვილის კანდიდატურაა, კარგი მოლოდინი ვერ გვექნება. გოგნიაშვილი საერთოდ უცნობია, შავგულიძეს, არ მგონია, რომ ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს.
მით უმეტეს, როცა საზოგადოების მღელვარება მინელდა კონკრეტულ მძიმე საქმეებთან დაკავშირებით, კარგი დროა, შემოაცურონ მათთვის სასურველი კანდიდატურა”, _ გვითხრა ბარნოვმა.
პროცედურულად, კანდიდატები გასაუბრებას საპროკურორო საბჭოსთან გაივლიან, შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება, მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
შალვა შავგულიძის კანდიდატურა „ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.