სათამაშო ბიზნესის ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ facebook გვერდზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე წერს.
ბახტურიძე სასამართლო დავის მიზეზად ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, სადაც სათამაშო ბიზნესს კრიმინალურს უწოდებს.
„სათამაშო ბიზნესი თამბაქოს კონტროლის ალიანსს უჩივის სასამართლოში, რომ უარვყოთ ჩვენი განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ბიზნესი ბუნებით არის კრიმინალური, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ იქ ხდება ფულის გათეთრება. ასევე თვითმკვლელობამდე მიყავს მათი კლიენტების ნაწილი და უკიდურეს სიღარიბეში აგდებს ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ამ ასოციაციამ მოითხოვა სამორინეების (კაზინოების) შემდგომ მოწევა დაშვებულიყო სათამაშო აპარატების სალონებსა (სლოტ-კლუბები) და ტოტალიზატორებში. ჩვენ კი მოვითხოვეთ მოწევის აკრძალვა სამორინეებშიც, რომ დავიცვათ იქ დასაქმებული ასობით ჩვენი მოქალაქე.
ვინც ამ ბიზნესისაგან დაზარალდით ან დაზარალდა თქვენი მეგობრები თუ ახლობლები გამოგვეხმაურეთ, რომ ამ ბიზნეს ვაჩვენოთ ჩვენი ძალა“,_წერს ბახტურიძე.
სასამართლო 16 ნოემბერს 16:00 საათზეა დანიშნული.