“რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ შეზღუდვების მოხსნა”, _ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეიძლება, საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, ე.ი. მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერ სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნები არ განაახლოს. რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა აღინიშნება და ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფერი ამის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისა და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა ამ გაზრდილი მობილობის პირობებშიც არ გეგმავს ჯერ შეზღუდვებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ექიმის პოზიციიდან თუ ისაუბრებს, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო, თუმცა როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციიდან, შეზღუდვების მოხსნა ნაჩქარევი არ ყოფილა.
ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინება შეზღუდვების გაგრძელებას ვეღარ გაუძლებდა.
„თუ ვილაპარაკებთ სუფთა ექიმის პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციიდან – არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინება. მიმაჩნია, რომ რადგან შეზღუდვები მოიხსნა, ახლა ნუ ვიწუწუნებთ იმაზე, რომ რა ვქნათ, შეზღუდვების განახლება ამ სიტუაციაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
ასეთ პირობებში, როცა შეზღუდვები არ არის და შემთხვევები ბევრია, რჩება ერთი რამ, რომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ დგება ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი. გამოსავალი არის ის, რომ ვისწავლოთ გაზრდილი კოვიდის პირობებში ცხოვრება და მაქსიმალური მობილიზაცია მოვახდინოთ კლინიკური რესურსის. კლინიკურმა სექტორმა უნდა გააკეთოს შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ იყოს მინიმალური დანაკარგი. ჯერ ამას ჯანდაცვის სექტორი ძალიან წარმატებით ახორციელებს“,- აღნიშნა ცერცვაძემ.