„ჭრიჭინას“ გადაღების დროს რუსთაველის თეატრი დაიწვა. ნახშირი, რომელიც ქალბატონმა მედეა ჩახავამ მაშინ თეატრის გადამწვარი სცენიდან წაიღო, ცნობილ მსახიობს სათუთად ჰქონდა შენახული. აი, როგორ იხსენებდა იგი ამ ფაქტს:
„მახსოვს, იმ წელიწადს თბილისში ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, არადა, „ჭრიჭინას“ ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო, სადაც მე და დოდო აბაშიძეს წვიმის ქვეშ გვაქვს სცენა. თეატრიდან არ მიშვებდნენ, დასველდება და გაცივდებაო…
იმ დღეს, სპექტაკლის შემდეგ მატარებლით მაინც წავედი ბათუმში, სადაც გადაღება გვქონდა. ფოიეში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მაგრამ პირველი ჟორა შავგულიძე შემომეგება და მკითხა: „მედიკო, მართალია?“ „რა-მეთქი?“, „რუსთაველის თეატრი დაიწვაო“…
მსახიობებმა ყოველთვის იცოდნენ ერთმანეთის გამოჯავრება, ამიტომ ჟორას მეც ავყევი და ვუთხარი – რუსთაველი არა, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი“. „მე სიმართლეს გეუბნებიო“ – მითხრა. „მეც სიმართლეს ვამბობ, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი“.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი ჟორას სიტყვების სიმართლეში და ისეთი ისტერიკა დამემართა, რომ იმ საღამოსვე უკან გამომიშვეს – გადაღება ვერ გავაგრძელე.
თბილისში რომ ჩამოვედი და რუსთაველის თეატრს შევხედე, საშინელი ტირილი ამივარდა – ფანჯრებიდან ცა ჩანდა, რადგან ჭერი დამწვარი იყო. თეატრში ტირილ-ტირილით შევედი. მახსოვს ბატონმა სერგო ადამიამ (დირექტორის მოადგილე იყო), მხარზე ხელი გადამხვია და სცენისკენ წამიყვანა, რომელიც საშინლად იყო დანახშირებული.
მაშინ იქიდან ავიღე ნახშირის ნატეხი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს.“ – ეს საიდუმლო ქალბატონმა მედეა ჩახავამ შორეულ 2003 წელს გაამჟღავნა.