საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, ორიოდე კვირის წინ, გურიის რეგიონული ოფისი გახსნა. ამისთვის ოთახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გამოიყო. გაკეთდა აბრაც, თუმცა, ოთახში, რომლის კარი, უბრალოდ, მიკეტილია, არანაირი ინვენტარი არ დგას.
არაერთი დაინტერესებული მოქალაქე კითხულობს, ვინ და როდის დაიკავებს კაბინეტს, რომ ხალხს პასუხი გასცეს.
_ როდის იწყებენ მუშაობას? აკი, მეწარმეთა იმედად მოვდივართო. ვინ გაგვცემს პასუხს? ან ამ აბრის გაკვრას, ხომ სჯობდა, დაეწერათ, როდის იწყებენ მუშაობას, _ კითხულობენ რეგიონულ ოფისში მისული მოქალაქეები, რომლებსაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ცარიელი ოთახი და კარზე გაკრული აბრა ხვდებათ.
„გურია ნიუსი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პიარმენეჯერს, თამუნა დემეტრაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ჭიანურდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის ამოქმედება.
_ დღეიდან ათი დღის ვადაში რეგიონული ოფისი მუშაობას დაიწყებს, _ გვითხრა დემეტრაშვილმა.