„5 ათასი არის მაქსიმალური რაოდენობა სტუდენტების, რაც საჭიროა, არადა წელს 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს,“ – აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„მაგალითისთვის რომ გითხრათ, კომუნისტების დროს ახალგაზრდების რაოდენობა ორჯერ და კიდევ უფრო მეტიც იყო. მაშინ სტუდენტი ხდებოდა საშუალოდ 8 000 აბიტურიენტი. ასე რომ, 5000 არის მაქსიმუმი, რაც დღეს ნორმალურ საზოგადოებას შეიძლება სჭირდებოდეს. საქმე იმაშია, რომ არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს ჩვენ იმ რაოდენობით. ამდენ სტუდენტს ვინ უნდა ასწავლოს?!
იმდენად სავალალოა სიტუაცია განათლებაში, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია. ევროპელობა კი გვსურს, მაგრამ სტუდენტებიც ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ სისულელეა, უცოდინრობაში იხდიდე ფულს. ზოგადად, რაც მისაბაძია, და ასეთი ბევრია, ევროპას უნდა მივბაძოთ. ევროპელი ახალგაზრდა, რომელიც მისაღებ გამოცდებში ვერ მოაგროვებს საჭირო ოდენობის ქულებს, ხვდება, რომ არ არის მზად ამ პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ ქართველი 4 წელი ტყუილად „ისწავლის“, თან იცის, რომ სპეციალისტი ვერ გახდება, ხარჯავს ფულს და ეს საკმაოდ არაპრაგმატული საქციელია, რადგან თავიდანვე იცი, რომ წამგებიანია ეს მიდგომა,“ – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ვახანიამ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი






























































