შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “ჭარალის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე, წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ე.შ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ კვეთდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. იგი მესაზღვრეების კანონიერ მოთხოვნას – შეჩერებულიყო არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, ე.შ. საზღვრის კვეთის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. მესაზღვრეებმა დაკავებულის კუთვნილი ნივთების ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული სხვადასხვა მოდელის 4 ცალი პისტოლეტი და 13 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს”,_ აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.