თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
“სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება”,_ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”
გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.
ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ასევე ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადებაც, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა.