რამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა.”
კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ.
,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა”, _ აღნიშნა “გურია-ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ.