“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით მათიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ გასაჩივრებების შედეგად, შესაძლოა მონაცემები 1-2% – ით შეიცვალოს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მათიკაშილის ეს განცხადებაც არის ვაჭრობის სტრატეგიის ნაწილი, რათა “ქართული ოცნება” არ დარჩეს მარტო პარლამენტში, როგორც დიქტატორულ მმართველობებში.
მან აღნიშნა, რომ 1-2%-ის შეცვლა არ გამოიღებს არანაირ შედგეს, რადგან ქართველ ხალხს არ მიუცია “ქართული ოცნებისთვის” ნდობის მანდატი.
„მათიკაშვილის ნათქვამიც არის ამ ვაჭრობის სტრატეგიის ნაწილი, როგორც ჩანს, ეხლა მათ ჰგონიათ, რომ 1-2%-ის გადმოგდებით და სხვა რაღაც მუქარების საშუალებით გააჩერებს ოპოზიციას. აქ ფუნდამენტური ამბავი უნდა გაიგოს. ეს ამბავი არის იმისა, თუ ვის მისცა ქართველმა ხალხმა ნდობის მანდატი _ ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა არ მისცა “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს.
ამიტომ, 48%-დან 47%-მდე ჩამოწევით არაფერი არ იცვლება. ამიტომ, ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე ყველა იურიდიულ საშუალებას ვიყენებთ, ყველაფერი საჩივრდება, თუმცა, სრულიად ნათელია “ქართული ოცნების” დამოკიდებულება _ არც ერთი საჩივარი პრაქტიკულად არ კმაყოფილდება, არ ხდება უბნების გადათვლა, შესაბამისად, ეს ამბავიც დამთვარდება უშედეგოდ, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა როგორც ჩანს, შემდეგი ალტერნატივა, რომელიც ჩვენ დაგვრჩება, იქნება ქუჩა, პროტესტი და იმის მიუღებლობა, რაც ივანიშვილმა მოახვია თავს ქართველ ხალხს, რომ თითქოს მან მიიღო უმრავლესობა.
ამის შემდეგ უკვე, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, დათანხმდეს მოთხოვნებს, რომლებიც არის ოპოზიციის მხირდან, ანუ ხელახალი არჩევნები ან დარჩეს მარტო პარლამენტში ისე, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე დიქტატორები და სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის მეორე გზას აირჩევს, სავარაუდოდ, ისევე დაამთავრებს, როგორც დიქტატორები ამთავრებენ ხოლმე“, _ განაცხადა კაპანაძემ.