„ხვალ უმწვავესად დავუსვამთ კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრს და მას არ გამოუვა რომ ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით, არ გასცეს პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს“,_აღნიშნული განცხადება“ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდის მამასა და ევროპული საქართველოს წევრს შორის შეხვედრა პარლამენტში გახარიას ვიზიტს და დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების ირგვლივ არსებულ კითხვებს შეეხო.
„ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც რამდენჯერმე დავიბარეთ და არ მოვიდა. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. კონკრეტულად იმაზე, თუ რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ. რატომ არ არის დამატებითი გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის ქმედებებში რა დანაშაულებრივი ქმედებების გამოიკვეთა იმ საქმეზე, რატომ არ არის ბრალი წაყენებული_ამ თემებზე ჩვენ ველით შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს. ამიტომ მე შევხვდი ზაზას. ისიც ბუნებრივია იზიარებს ამ პოზიციებს და მასაც აინტერესებს. დღეს, როგორც ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება არის, რომ გადაავადოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმედი აქვთ, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“,_განაცხადა კაპანაძემ.