საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.