მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:
“დოდო აბაშიძე ჩემზე ექვსი წლით იყო უფროსი. აქ გავიზარდეთ, ვერაზე. ჩვენს თაობას “ვასოს აფთიაქის” წინ გვქონდა ბირჟა. დოდო ომის დროს გავიცანი, 11 წლის ვიყავი. ჩვენი მამები მეგობრობდნენ და ჩვენც ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩემი უფროსი შვილის ქორწილში თამადად დოდო იყო. მერე ისე მოხდა, რომ გადასაღებ მოედანზე შევხვდით ერთმანეთს. რამხელა გული ჰქონდა, იცით? ისეთი სევდიანი კაცი იყო, გარეთ ჩანდა “აშაღლარა”, თორემ…
“სამანიშვილის დედინაცვალში” პლატონის როლი უნდა მეთამაშა. ჩოხას ვიკერავდი უკვე, წვერი მქონდა მოშვებული. მოხდა ისე, რომ მოსკოვში წავედი და როცა დავბრუნდი, ამ როლზე იმედა კახიანი დამხვდა დამტკიცებული. იმედა ჩემი მეგობარია და არ მწყენია. სხვა რომ ყოფილიყო, მეწყინებოდა. ამ დროს მოვიდა დოდო ჩემთან და მეუბნება, ჩქარა, გაიპარსე წვერი, ხვალ ბრატისლავაში მივდივართ, თემურ ფალავანდიშვილი იღებს ფილმს “რაჭა ჩემი სიყვარულიო”. მაშინ დოდომ გამოიჩინა ინიციატივა თემურთან – გურამი დაიჩაგრა და გავართოთო”.