15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან, 350 სოციალურად დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული, პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს.
_ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
ატრაქციონების პარკში ბავშვებს შეხვედრა მოუწყვეს ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა.
პარკის გვერდით მდებარე პარკში “საქართველო მინიატურებში”, სადაც მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში, ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით, სრულიად საქართველო მოატარეს.
ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა.
_ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს . ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი არის ის ადგილი, რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – თქვა სეზონის გახსნაზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.