“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მმართველი ფრაქციების თავმჯდომარეები გუბერნიაში დაიბარა.
როგორც გვითხრეს, საგანგებო თათბირი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხება.
ერთ-ერთი თემა კი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ, გუშინ, ახალგაზრდების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოხატული სოლიდარობა იქნება.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გამო “ქართული ოცნების” წევრებს საყვედურებს გამოუცხადებენ.
ასევე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მითითებებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რადგან მუნიციპალიტეტებში ყოველდღიური აქციები უკვე დაანონსდა.
ამ ინფორმაციას უარყოფს ლანჩხუთის მუნიციპალტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და აღნიშნავს, რომ გუბერნატორთან ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა აქვთ:
_ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით შაბათობით, რადგან სამუშაო დღეებში არ გვცალია. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, _ გვითხრა სარიშვილმა.
მისივე თქმით, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების გუშინდელი გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრასთან კავშირში არ არის:
_ არაფერი არ მომხდარა. ქუჩაში გამვლელებს შევხდნენ მხოლოდ. რა შუაშია დღევანდელ შეხვედრასთან ეს თემა არ მესმის, _ აღნიშნა სარიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.
სარიშვილისგან განსხვავებით “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა გურიის გუბერნატორმაც.