ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები ორმოცდაცხრა წლის ზაზა მუჯირი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს.
როგორც თავად გვიყვება, გასულ წელს, ცხრამეტ აპრილს, სტიქიის შედეგად მოთხრილმა ალვის ხემ მისი სახლის სახურავი მთლიანად დააზიანა. მისივე თქმით, მართალია, სახლის სახურავი შეცვალეს, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, სახლი დაუხურავი იყო და წვიმამ მთლიანად დააზიანა ყველა ოთახი, უმეტესად ჭერი. ზაზა მუჯირს მოახლოებული ზამთრის ეშინია და ხელისუფლებისგან შეპირებული ორი ათასი ლარის ჩარიცხვას ითხოვს, რაც მას შემდეგ შეჰპირდნენ, რაც მუნიციპალიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან არაერთგზის თხოვნით მივიდა.
_ მე ვითხოვ ჩემი სახლის რეაბილიტაციას. მაგათ აქვთ ისეთი პროექტი, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ადამიანებს ეხება. მე ვარ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, საკუთარი ოჯახი არ მყავს. მოხუცი დედა, რომელმაც ახლახან ფეხი მოიტეხა, საცოდავად, სკამით გადაადგილდება. მივმართე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. მან კოტე შარაშენიძესთან მიმიყვანა და უთხრა, „იმ სიიდანააო“. მერმაც უპასუხა, „ააა, გასაგებია, აუცილებლად დავეხმაროთო“ თუმცა, ჯერჯერობით, მატყუებენ. მოვითხოვე, კონკრეტული დღე მითხარით, როდის მოვიდე, როდის მაძლევთ ფულს-მეთქი. სირაძე გაბრაზდა და მითხრა, დამანებე თავი, თორემ ამ ოქმს დავხევო. რა უფლებით მითხრა ეს ადამიანმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური კუთხით ემსახურება?! ან რა სიას გულისხმობდა, თქვან!
_ ვერ მიხვდით, რა სიაზე იყო საუბარი?
_ არ ვიცი, თქვან.
_ არჩევნებზე ხმა თუ მიეცით, შესაძლოა, ამაზე იყო საუბარი.
_ კი, რა თქმა უნდა, მე ამომრჩეველი ვარ, შარაშენიძეს მივეცი ხმა. იმასაც გეტყვით, რომ სირაძემ ორჯერ ჩამირიცხა ასი ლარი, ასევე, შარაშენიძემ ასი ლარი ჯიბიდან ამოიღო და მომცა. უმადური არ ვარ.
_ და რა კი ხმა მიეცით, სულ უნდა დაგეხმარონ? იქნებ, არ არის ამდენი თანხა…
_ მაშინ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. მე მატყუებენ, მპირდებიან და კონკრეტულ დღეს არ მეუბნებიან, როდის ჩამირიცხავენ. ჩემთან ერთად ორმოცდასამი ოჯახია სიაში, ვისაც უნდა დაეხმარნონ.
ზაზა მუჯირის თქმით, სტიქიამ მისი სახლი ჯერ კიდევ მაშინ დააზიანა, როცა ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ყოფილ მერს, ამბობს, რომ მიმართა და დაეხმარნენ კიდეც.
_ ბეგი სიორიძე წელიწადში ორჯერ მეხმარებოდა. მერე ხმა შარაშენიძეს მივეცი. შემპირდნენ, რომ სახლის რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ და რატომ მატყუებენ? დედაჩემის პენსიაზე ვართ მე და ჩემი ძმა. სხვათა შორის, აქ ჩემი ძმაც ცხოვრობს, მარტოხელაა ისიც და უმუშევარი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჯანმრთელობა მასაც შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სამი ავადმყოფი ვართ ერთმანეთს ჩამოკიდული, _ ამბობს ზაზა მუჯირი.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიაში თექვსმეტ აგვისტოს დაწერა განცხადება და ორიათასი ლარის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. ამბობს, რომ ყოველ მისვლაზე ჰპირდებიან დახმარებას. თუმცა, იგი დაჟინებით ითხოვს კონკრეტული თარიღის დასახელებას, როდის ჩაურიცხავენ შეპირებულ თანხას და რაკი ზუსტ დროს არ ეუბნებიან, ეჭვობს, რომ ატყუებენ.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ირაკლი სირაძეს დაუკავშირდა და ზაზა მუჯირის შესახებ ესაუბრა.
_მე და ზაზა მეგობრები ვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ხვალ ან ზეგ მას ჩაერიცხება შეპირებული თანხა. გაიკეთებს, მოაწყობს საცხოვრებელ ოთახებს და ზამთარს მომზადებული შეხვდება“, _ გვითხრა სირაძემ.