,,მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს.
„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.
მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება – პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა თავის ვალდებულებას ასრულებს“, _ განაცხადა შარლ მიშელმა.
მან, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.
„დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან ანუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.
ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული, განსაზღვრული წინსვლა პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა შარლ მიშელმა.
ავტორი: მერაბ ცაავა