ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს, – ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმა აუცილებელია.
„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულსა და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს.
ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია ”, – განაცხადა მიშელმა.
ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს – ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს – უფლება აქვთ გამოიყენონ ვეტოს უფლება გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვის მიზნით.
უშიშროების საბჭო გაერო-ს ყველაზე ძლიერი ორგანოა, რადგან მისი რეზოლუციები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს აქვს „პირველადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს დაკარგოს ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოში, სანამ ის ამ ომშია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.
ავტორი