ბათუმში, აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა ერთ-ერთი პოპულარული, ტრადიციული ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში ქალთა შორის ,,შავი ზღვის დედოფლები-2021“.
ტურნირი ჩატარდა ევროპის ფრენბურთის ფედერაციაში მიღებული ე.წ. ორწაგებიანი სისტემით და მონაწილეობდა რვა გუნდი.
შეხვედრები სპორტის ამ ულამაზეს სახეობაში საინტერესოდ წარიმართა, მაგრამ განსაკურებული აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრენბურთელ ქალთა გუნდ ,,ჯიკო”-ს წევრების: ჯულიეტა სანაძე/სოფიო ჩომახიძისა და თბილისელი ლიზი ლობჟანიძე/დეა ხეირაბადის წყვილებს შორის, რომლებმაც დაძაბული ბრძოლით გაიკვლიეს გზა ფინალისაკენ.
ფინალური შეხვედრა, რომელიც მრავალრიცხოვანი მაყურებლის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა, დამთავრდა სამტრედიელი წყვილის გამარჯვებით და ისინი ტურნირის მთავარი პრიზის ,,შავი ზღვის დედოფლები-2021″-ის მფლობელები გახდნენ.
ცნობისთვის, ეს ტურნირი წლების მანძილზე საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით ამჯერად ტურნირში მხოლოდ ქართველი ფრენბურთელები ჩაებნენ.