ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა.
განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ:
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი;
„ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს;
შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“,_ ნათქვამია განცხადებაში.