ჩოხატაურში და ზოგადად, გურიაში, მეორე დღეა თოვს. თოვლის საფარმა დაბაში 15 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში კი გაცილებით მაღალია.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, შექმნა თუ არა თოვლმა პრობლემები მუნიციპალიტეტში.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია გვეუბნება, ამ წუთისთვის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში თოვლს პრობლემა არ შეუქმნია.
“დაბაში ამ წუთისთვის საჭიროება არ არის, მაღალმთიან სოფლებში კი მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. თოვლს, ჯერჯერობით, პრობლემა არ შეუქმნია მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში. გამონაკლისია, მხოლოდ ქვენობანი, სადაც ყინვამ შექმნა პრობლემა და ისიც ტექნიკის დახმარებით უკვე აღმოფხვრილია”, _ გვითხრა მინდია ჟღერიამ.
ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი რაულ კონცლერიძე კი გვეუბნება, რომ ამ წუთისთვის თოვამ გადაიღო. თოვლის საფარმა 30 სმ-ს მიაღწია, მაგრამ თოვლს პრობლემა არ შეუქმნია სოფლისთვის.
“ყოველწლიურად ჩვენი პრობლემა უგზოობა და უშუქობა იყო. ახლა, ჯერჯერობით, ეს პრობლემა არ არის. თოვლის საფარიც არაა ისეთი მაღალი, რომ ამ ეტაპისთვის პრობლემა შეიქმნას”, _ გვითხრა კონცლერიძემ.