“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.
“მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და მთავრობა შეძლებს, აიღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებას, სადაც მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. საქმე სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გეგმას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მათი გეგმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე “მუდმივი და განახლებადია”.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა და ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს. წინა სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და მას სააკაშვილი ვერ დაესწრო.