უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ ითხოვა. მიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის მეშვეობით რუსეთი უკრაინას ანადგურებს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ დასავლეთისთვის ცის ჩაკეტვა შეუძლებელია, მაშინ უკრაინას თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
“ცა გახდა სიკვდილის წყარო ჩემს ქვეყანაში და უკვე რუსულმა ჯარმა ჩამოყარა 1000 ჭურვი ჩემს ქვეყანაში. ისინი ცდილობენ, რომ ბომბების გამოყენებით დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ველოდებით პასუხს, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ საშინელებას და ვითხოვთ, შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ცაში. ბევრია რასაც ვითხოვთ? ეს ერთადერთი საშუალებაა შევაჩეროთ რუსეთის თავდასხმა ჩვენ ქვეყნებზე. თუ ეს ძალიან ბევრია, გეტყვით გამოსავალს, ჩვენ გვჭირდება თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ შევაჩეროთ ასეთი საშინელი თავდასხმა ციდან ჩვენს ქვეყანაზე, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ამით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას ვეხმარებით”,-თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კონგრესმენებს აჩვენა ვიდეო, როგორ ცხოვრობდა უკრაინა ომამდე და რა ხდება ახლა ქვეყანაში. ვიდეო მთავრდება სიტყვებით – “დახურეთ ცა უკრაინის თავზე”.