საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა ვრცლად ისაუბრა საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის თანმდევ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობაზე და მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მისთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.