დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, განიხილეს საკითხი 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გასახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე.
_ შეკვეთილში, რკინიგზის სადგურიდან ჟვანიას ხიდამდე, მოხდება გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. დაემატება ელექტროგადამცემი ბოძები, ასევე შეიცვლება ისეთები, რომლებიც ავარიულია. სულ 307 სანათი და 25 ბოძი დაემატება და გაკეთდება ელექტროენერგიის ეკონომნათურები, რასაც ექნება ნაკლები დანახარჯი, _თქვა საკითხზე საუბრისას მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.
ურეკის დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, გოჩა მდინარაძემ დასვა კითხვა, თუ შეიძლებოდა კიდევ 20-მდე ბოძის დამატება.
_ შეიცვლება დაზიანებულ ბოძები, ასევე, დაემატება სადაც მეჩხერადაა, ყველგან, სადაც საჭიროა, _ თქვა თოთიბაძემ.
სულ აღნიშნულ მონაკვეთზე 307 სანათი და 25 ბოძი დაემატება.
პროექტის ღირებულება 307,188 ლარია და ის 2021 წლის ივნის-ნოემბრის შუალედში გახორციელდება.