აქციის მონაწილის დაკავებით დასრულდა შელაპარაკება ენგურის ხიდზე, სადაც აქციას რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების ნათესავები მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვით ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ამ ფორმით ოჯახის წევრების გათავისუფლება, კიდევ ერთხელ, მოითხოვეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა აფხაზების მიერ დაკავებული პაატა როგავას და. წინააღმდეგობის გაწევის გამო დარეჯან როგავა პოლიციამ სამმართველოში გადაიყვანა.აქცის მონაწილეები ამ დრომდე ენგურის ხიდთან რჩებიან ისინი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
შსს-ის ცნობით, დარეჯან როგავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს, მდინარე ენგურზე სათევზაოდ მყოფი მამა-შვილი როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მდინარის გაღმა ნაპირზე გადასვლისას დააკავეს. როგავების ოჯახმა ენგურის ხიდთან უკვე რამდენიმე აქცია გამართა.
გუშინ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს.