ვარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.
ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა.
„ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ითხოვს.