შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, – აღნიშნა იმნაძემ და დასძინა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან.
„არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი“,- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსმა და გრიპმა ერთდრიულად არ შემოგვიტიოს, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა საჭირო.
„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, – განაცხადა იმნაძემ.
საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.