ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნარუჯის საჯარო სკოლის მეხუთეკლასეთა „შემოდგომის ზეიმი“ ტურისტული ობიექტის, „სამზეურას“ სივრცეში შედგა.
ოცდახუთმა მოსწავლემ, კლასის დამრიგებლის, თეა ქავთარიას მიერ მომზადებული სცენარის მიხედვით, მოკლე, ეპიზოდური ინსცენირებებითა და ტევადი შინაარსით, ლამაზად და ლაკონურად მოახერხა წელიწადის უმშვენიერიესი, მზის ფერით და სიუხვით ყველაზე მეტად შეჯერებული შემოდგომის სურათის მოძრავი შტრიხებით გაცოცხლება.
ბავშვებმა ინტერესით დაათვალიერეს ასევე ტრადიციული, ასორმოცდაათწლოვანი გურული კარმიდამო, უკლებლივ ყველა ნაგებობით. (ნალია, ბეღელი, მარანი ღია სივრცეში, ჭა ოწინარით და აწ უკვე მუზეუმი-სამზადი „ქუხნა“, სადაც მხოლოდ ოჯახის ასლოვანი საყოფაცხოვრებო ნივთებია განლაგებული).
ბავშვებმა ასევე მრავალი მასტერკლასის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა. განსაკუთრებით კი მოეწონათ სხვადასხვა ბოსტნეულის, სანელებლების თესლის სავარცხლით ჩამოფშვნისა (ბებიების ტრადიცია) და შეგროვების პროცესი.
„ჩემი მიზანი იყო და არის მოსწავლეთათვის, რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ღონისძიების ჩატარება. ამ ობიექტზე, ამ სივრცეში ჩვენი ღონისძიების, იგივე შემოქმედებითი გაკვეთილის გატანა, რასაც დაემატა აქვე ნანახი და განცდილი, ბავშვებისთვის დაუვიწყარი გახდა. მათ მიერ ინტერესით აღქმული დარჩა გურული ცხოვრების წესისა და ტრადიციის ცოცხალი სივრცეში ნახვა. ეს კი დაუვიწყარი შთაბეჭდილების სახით ,ერთგვარ კოდს დებს მოზარდში. საინტერესო ღონისძიებების ჩასატარებლად , სკოლაში შექმნილი საუკეთესო გარემო გვიწყობს ხელს. მადლობა ყველას ამ ლამაზი და დაუვიწყარი დღისთვის,”- თქვა პედაგოგმა თეა ქავთარიამ.
სკოლის დირექტორმა, მედეა ობოლაძემ ამ გასვლით ღონისძიებას არანაკლებ მნიშვნელოვანი უწოდა მოსწავლეთა თვითშემეცნებითი უნარის გაძლიერებისთვის, ვიდრე ნებისმიერ საგნობრივ გაკვეთილს.
_ძალიან კმაყოფილი ვართ და მომავალში ვეცდებით, ხშირად მოეწყოს ასეთი და მსგავსი შინაარსის ღონიძიებები, _ თქა მან.
ბავშვებთან ერთად მყოფმა მშობლებმა (ბებია-ბაბუებმაც) აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მოეწონათ და გაიხარეს თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების ღონისძიებაში, სხვადასხვა მასტერკლასებში ჩართულობით.
ავტორი