ერთი წელია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ “ძამა” გამოჩნდა. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი შეჭირვებულებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეხმარებიან.

დღეს “ძამა” “ემიგრანტი+”-სთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახს ესტუმრა და საკვები, ტკბილეული, ჰიგიენური საშუალებები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცა.
ლელა კალანდაძე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე ახლახან გარდაეცვალა. ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სანამ მათთვის საცხოვრებელს შეიძენენ, ბაღის ყოფილ შენობაში დაიდეს ბინა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი “ძამა” ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას.
_ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის წევრები.
დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი “ძამა” ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.
































































