სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას – მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.