ერთხელ ბატონი ლევან ბერძენიშვილი შორეულ ბრაზილიაში აღმოჩნდა და სრულიად მოულოდნელად ერთ კრიმინალურ ისტორიაში გარეული აღმოჩნდა. ამ ამბავს მოგვიანებით შემდეგნაირად იგონებდა.
„რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი – რვა აფროამერიკელი ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.
პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:
– ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია.
– რატომ? – დავიბენი.
– სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვები.
– ეგ რა შუაშია?
– პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 – კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვს.“