ხვალ, ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.
აღნიშნულ დღესასწაულზე, გურიაში, ტრადიციულად ღვეზელს აცხობენ.
ქრისტეშობასთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე, მაგალითად ასეთი: ოთხოცდაათიანების რომელიღაც წელია, სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნიამწერებშეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი – გამოცხვა.
შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”.
დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. შობას გილოცავთ!“_ წერს კეკელიძე.