ჯანდაცვის სამინისტრო, იმ ტომოგრაფიის აპარატის შესახებ, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიტანეს, განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს.
რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა.
ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიით აღიჭურვება.
გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.