„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელი, გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს.
„2024 წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს. თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სამხარაძე – ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ: გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; გოჩა სამხარაძე – სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავი და თანმხლები პირის მძღოლი; და რამდენიმე სხვა პირი. ზვიად ქორიძე ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და აკვირდებოდა სასამართლო პროცესს პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე”, – წერს TI.



































































