ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თამარ დუმბაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
“უსაფუძვლოდ ვარ გათავისუფლებული და აქედან გამომდინარე, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას”, – გვითხრა თამარ დუმბაძემ.
“გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა ფაქტით, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს თამარ დუმბაძე და მისი ქმარი ვლადიმერ ვადაჭკორია პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატის გვერდით აღმოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ წერდა. ახლა კი, ახალი წლის დღეებში თამარ დუმბაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც მეუღლეები ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომა.
“ამასთან დაკავშირებით საუბარი აღარ ღირს. ჩვენ გაბრაზებულები არ ვყოფილვართ. მე ვიყავი “ქართული ოცნების“ გვერდით და ვარ ახლაც, ჩემი მეუღლე კი “რესპუბლიკელების“ გვერდით. ყველაფერი კარგად არის და ყველას გილოცავთ ახალ წელს“, _ გვითხრა თამარ დუმბაძემ.
“გურია ნიუსი“ თამარ დუმბაძის სასამართლო დავის საქმეზე მუშაობს, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.