კურორტ ბახმაროს მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ბახმაროში ასვლა შესაძლებელია, თუმცა გზის გარკვეულ მონაკვეთზე ჯერჯერობით გადაადგილება ისევ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
“ძირითადად გახსნილია ორმხრივი მოძრაობა, თუმცა სადაც ზვავი იყო ჩამოწოლილი, რამდენიმე ადგილას მოძრაობა ცალმხრივადაა და დღესაც მუშაობდა ტექნიკა, რომ ეს მონაკვეთებიც ორმხრივად გაიხსნას”,_ ამბობს ცინცაძე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში, მერის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ სტიქიის შედეგად ძალიან სამწუხარო ფაქტია მომხდარი.
“ცუდი მდგომარეობაა. დანგრეულია სახლები და ფარდულები”,_ ამბობს ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან თვალით ძნელი გასარჩევია თუ რომელი სახლი იყო და რომელი ფარდული.
კითხვაზე, თუ როგორ მოხდება დანგრეული სახლების მეპატრონეების იდენტიფიცირება, ცინცაძე გვპასუხობს, რომ მეპატრონეებს აღნიშნულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახლების ამონაწერის მიხედვით დაადგენენ.
ინფორმაციისთვის, დაბა ბახმაროში მოსული უხვი თოვლის შედეგად განვითარებულმა ზვავებმა რამდენიმე სახლი და ფარდული გაანადგურა. დიდთოვლობის შედეგი კი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც თოვლი დადნა. ბახმაროსკენ მიმავალი გზის გაწმენდას სპეცტექნიკით უკვე 10 დღეზე მეტია რაც იწმინდება.
ფოტოები “გურია ნიუსს” შალვა ცინცაძემ მოაწოდა.
ავტორი