რამდენიმე საათის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
როგორც ცნობილია, სააკაშვილს არც უკრაინის და არც საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს.
მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა კი სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
მოგვიანებით, კიევში დაბრუნებულმა სააკაშვილმა ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. თუმცა მას სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უკრაინაში ლეგალურად ყოფნის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.
შესაძლებელია თუ არა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გასამართლება, რადგან მას უკრაინის მოქალაქეობა აღარ აქვს_ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსს“ „ახალგარზდა ადვოკატების“ იურისტი, გიორგი ლაბაძე ესაუბრა.
„თუკი სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე და მას მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინის პროკურატურას შეუძლია დაიწყოს დავა და გაასამართლოს სააკაშვილი მის ქვეყანაში, მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო ტერიტორიული სამართლებრივი პრინციპით“,_ამბობს ლაბაძე.