მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, მარიხუანის წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით, ნებადართული ხდება ,,ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი მხარს არ უჭერს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, კანონის მიღებას მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, არსებობს საფრთხეები, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის კულტივირება ლეგალურად გამოაცხადოს. საკითხზე ბუკია ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს.
,,მარიხუანის კულტივირება დიდ საფრთხეებს შეიცავს. დღეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო ძალიან ფრთხილი უნდა იყოს.
გიორგი გახარიას ვენდობი და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ მარიხუანის კულტივირებას დავუშვებთ, შესაძლოა, მოსარჩელე მხარისგან საკონსტიტუციო სასამართლომ არგუმენტად მიიღოს და მარიხუანის კულტივირება დაუშვას, რასაც ვერც გახარია უშველის და ვერც სხვა ვინმე.
მიმაჩნია, რომ მარიხუანის კულტივირებით საქართველოსთვის ძალიან საშიში კარი გაიღება. მარიხუანა ადამიანებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის ქვეყანაში დათესილი. სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანია მარიხუანის სუნით შეწუხებული“, _ გვითხრა ბუკიამ.
მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ გასაჯაროვდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაუჭერს მხარს, ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება.