გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარის ჩანაცვლება იგეგმება.
როგორც ამბობენ, კომისიის თავმჯდომარედ რამდენიმე დღის წინ არჩეულ ელისო ჭიჭინაძეს ამ პოსტზე დეპუტატი ემზარ თედორაძემ შეცვლის.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „გურია ნიუსი“ თავად თედორაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით, ნამდვილად არ ვარ ამ კომისიის ხელმძღვანელი, თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა იქნება“, _ გვითხრა ემზარ თედორაძემ.
როგორც ელისო ჭიჭინაძე ჩვენთან საუბარისას ამბობს, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„მე სამსახურში ვარ და ჩვეულ რეჟიმში ვასრულებ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. სამომავლოდ კი რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, არ ვიცი, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.
აცანის მაჟორიტარი ემზარ თედორაძე ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, სადაც კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს, არ ესწრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თედორაძე განაწყენებული დარჩა, რადგან საკრებულოში თანამდებობა არ ერგო და ამიტომ პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრო.