დღეს, დილიდან, ოზურგეთის ქუჩებსა და სავაჭრო წერტილებს მკვეთრი გამოცოცხლება ეტყობა. არაერთი მაღაზია, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, დღეს პირველად უხსნის კარს მომხმარებელს და ურთიერთგადამდები პოზიტიური განწყობა ყველგან სუფევს. თუ ჩავთვლით მაისისთვის უჩვეულო სიცივისა და წვიმების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესებულ ამინდს და მზის მცხუნვარებას, აშკარაა, რომ ადამიანიც და ბუნებაც ადრინდებულ სასიცოცხლო რიტმს უბრუნდება.
მართალია, ეს გაზაფხული, როგორც ცოცხალი ყვეილებითა და ნერგებით მოვაჭრეები გვეუბნებიან, ერთგვარად შეზღუდულია, მაგრამ ქალაქის ქუჩებს მაინც ამშვენებს გასაყიდად გამოტანილი ორქიდეების, კალესტემონის, ვარდის, შროშანების, ბალბის თუ სხვა ყვავილების ნაირგვარობა.
_ცოტა გამოგვაქვს, სადაც ნებას დაგვრთავენ, პატარა ქოთნებს ვგდამთ, ნერგებსაც ვყიდით, გაზაფხული ახლაა და თუ არ დარგე, მერე როგორ იქნება. წელს, გადარჩენისთვის ვიბრძვით, ასე ვთქვათ. აშკარა წაგებას ვართ, მაგრამ ორი პურის ფულიც რომ ვიშოვოთ, ხეირია. აწი მაინც იქნებოდეს საშველი… ადამიანი მაინც იმედითაა, მეტი რა გზაა – გვეუბნებიან ქალბატონები, რომლებიც ყვავილებს ყიდიან და თან მყიდველს დისტანციურად დგომას ურჩევენ.
ხალხს განსაკუთრებით უხარია, რომ დაიკლო უცებ გაძვირებული ნიორის ფასმა. დღეს ერთ კილოგრამს 6-7 ლარად ყიდიან, როცა ორი კვირის წინ, თითქმის, 25 ლარს მიაღწია ერთი კილოგრამის ფასმა. ასევე გაიაფდა ხახვი _ კილოგრამი ლარნახევარი ღირს, როცა ცოტა ხნის წინ კილოგრამს ოთხ ლარად ყიდდნენ.
ასევე დაიკლო მარწყვის ფასმაც, რომელიც ათი ლარი ღირდა. ახლა ერთი კილოგრამი შვიდი ლარი ღირს.
ფასის დაკლება დაეტყო რძის ნაწარმსაც. 6-7 ლარი ღირს ერთი კილოგრამი ყველი, რაც 3-4 ლარით ნაკლებია რამდენიმე დღის წინ არსებულ ფასთან.