დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6711 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან, 5013 შემთხვევა მამაკაცებში, ხოლო 1698 შემთხვევა ქალებშია გამოვლენილი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
2017 წელს კი საქართველოში აივ-ით ინფიცირების 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის გოგა ბერიძის ინფორმაციით, მხოლოდ გურიაში შიდსის 140-მდე შემთხვევა ფიქსირდება:
” საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს. აქედან დღემდე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ოზურგეთზე მოდის. დაინფიცირებულთა უმეტესობა ნარკომომხმარებელი მამაკაცები არიან, თუმცა, სქესობრივი ურთიერთობის შედეგად დაავადება მათ მეუღლეებზეც არის გავრცელებული. პროცენტულად, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მაჩვენებელი არის სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და იმერეთში“, _ ამბობს ბერიძე.
როგორც ცნობილია, შიდსი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
შიდსი, იგივე შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი არის მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით.